ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII ს.(?) |
თხზულება | „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955) |
სახეობა | |
ციტაცია | „ხოლო ამად რა თხრობად მოვიწიე, ვაებისა ღირსად შევრაცხენ დიდნი იგი და სახელოვანნი გამომეტყუელნი, ვიტყჳ უკვე უმიროსსა და არისტოვლის ელინთა, ხოლო იოსიპოს ებრაელსა, რომელთაგანმან ერთმან ტროადელთა და აქაველთანი შეამკვნა თხრობანი, თუ ვითარ აღამემნონ და პრიამოს, ანუ აქილევი და ეკტორ, მერმეცა ოდისეოს და ორესტი ეკუეთნეს, და ვინ ვის მძლე ექმნა. და მეორემან ალექსანდრესნი წარმოთქუნა მძლეობანი, სიმჴნენი და ძლევა-შემოსილობანი, ხოლო მესამემან ვესპასიანე ტიტოჲს-მიერნი მეტომეთა თჳსთა-ზედანი ჭირნი მისცა აღწერასა. და ვინათგან ამათ ნივთნი საქმეთანი არა აქუნდეს კმად მისათხრობელად, ამისთჳსცა მის ჴელოვნებითა რიტორობისათა განავრცელნეს, ვითარცა იტყვის თჳთ სადამე ალექსანდრე: „არა დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდსა მიემთხვიე მაქებელსა უმიროსს“. რამეთი ოცდარვა წელი განგრძობასა ტროადელთა მბრძოლისასა ვერა-რა ღირსი ქებისა იქმნა“ (გვ. 342) |
ტერმინი |
|

კომენტარი | კომენტარი: თ. ყაუხჩიშვილი: „ამ კონტექსტში, ზედ იმის წინ, ვიდრე აღწერს დავითის მიერ თბილისის აღებას 1122 წელს, ახსენებს ჰომეროსსა და მის გმირებს. აზრი, რაც ამ ნაწყვეტიდან უნდა გამოვიტანოთ ისაა, რომ ჰომეროსის გმირების, ალექსანდრე მაკედონელის, ვესპასიანესა და ტიტეს მოღვაწეობა და სამხედრო უნარი გაცილებით უფრო მდარე იყო ვიდრე დავითის, მაგრამ მათ საქმეები დიადი გამოჩნდა იმიტომ, რომ მათ ბედმა არგუნა დიდი აღმწერლები, რომლებმაც თავიანთი რიტორიკული ოსტატობით შეამკვეს ისინი, და მათ რომ მასალად ხელთ დავითის საქმეები ჰქონოდათ, და თავისი რიტორობით აღეწერათ ისინი, აი, მაშინ იქნებოდნენ ისინი დიდი ქების ღირსნი. ამ ნაწყვეტში საყურადღებოა ის, რომ ისტორიკოსმა იცის ჰომეროსი, იცის მისი გმირები, რომელთაც წყვილ-წყვილად ახსენებს - ერთმანეთის დართ (აგამემნონი - პრიამოსი, აქილევსი - ჰექტორი) და ამას გარდა მწერლობაში მაინცადამაინც პოპულარული არ არის ეს ჩანს: 1. ერთ წყვილად ოდისევსისა და ორესტეს მოხსენებაში, 2. ტროას ომის ხანგრძლივობაში - მისი ვერსიით 28 წელს გრძელდებოდა ეს ომი“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში, ჟამთააღმწერელი, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976, გვ. 123). ს. ყაუხჩიშვილი მიუთითებს, რომ „მართალია, ანტიკური ლიტერატურის ძეგლებში არ გვხვდება არცერთი ეს ცნობა (ე. ი. ოდისევსისა და ორესტეს მტრობისა, ტროას ომის 28 წელს გაგრძელებისა), მაგრამ ბიზანტიურ ქრონოგრაფიებში არის ამის კვალი, მაგ., გიორგი სინგელოზის (VIII ს.) ქრონოგრაფიაში წერია: „დასაბამითგან ქვეყნისა 4331 წელი, ამ დროს მოხდა ოდისევსისა და ორესტეს ამბავი“. რა ამბავია და მართლაც მტრობაა ეს თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ქართველი ისტორიკოსის ცნობასთან შეჯერების შედეგად ასე უნდა დავასკვნათ“ (ს. ყაუხჩიშვილი, ფირესტე // ორესტე, „ლიტერატურული ძებანი“, II, 1945, გვ. 159-165). თ. ყაუხჩიშვილი: „ანტიკურ ტრადიციაზე დაყრდნობით და ჰომეროსის ვერსიით, ტროას ომი გრძელდებოდა 10 წელს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი (და ჟამთააღმწერელიც) კი პირდაპირ ამბობს, ტროის ომი 28 წელს გრძელდებოდაო. იმავე გიორგი სინგელოზის ქრონოგრაფიაში არის ცნობა იმის შესახებ (რასაც არ იზიარებს ეს გიორგი სინგელოზი), რომ აგამემნონმა იმეფა 35 წელი; თუ აგამემნონმა 35 წელი იმეფა, ხოლო ომი კი მისი მეფობის მერვე წელს დაიწყო, ამ ვერსიის თანახმად ტროას ომი მართლაც 27-28 წელს გაგრძელებულა“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში, ჟამთააღმწერელი, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976, გვ. 123). ს. ყაუხჩიშვილი: „ასეთი შეხვედრა ბიზანტიელი ქრონოგრაფოსისა და ქართველი ისტორიკოსისა ორ საკითხში (1. ორესტე, 2. ოცდარვა წელი) გვაფიქრებინებს, რომ ქართველი ისტორიკოსი ტროადის ომის ამბებს იცნობდა ბიზანტიური ქრონოგრაფიის ცნობებით“ (ს. ყაუხჩიშვილი, ფირესტე // ორესტე, „ლიტერატურული ძებანი“, II, 1945, გვ. 159-165). პ. ინგოროყვა იმაზე დაყრდნობით, რომ ქართლის ცხოვრების ანასეულ ნუსხაში „ორესტეს“ ნაცვლად წერია „ფერსიტე“, მიიჩნევს, რომ აქ შეიძლება იგულისხმებოდეს თერსიტე, რომელთანაც ოდისევსს „ილიადის“ მეორე სიმღერაში მართლაც ჰქონდა შეტაკება (პ. ინგოროყვა, რუსთაველის კრებული, თბილისი, 1938, გვ. 56, 57). |
---|