ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1922-2002 (XX ს.) |
თხზულება | ***(როგორც პლატონს უთქვამს როსმე – იუმორესკა) (მურმან ლებანიძე, თხზულებანი ორ ტომად, ტომი I, თბილისი, 1989) |
სახეობა | |
ციტაცია | „როგორც პლატონს უთქვამს როსმე, [...] არვინ ცხოვრობს უშიშრად! [...] და იმავე პლატონს უთქვამს: თუმცა [ადამიანის ცხოვრება გარდაუვალი სიკვდილის, - ზ.ხ.] შიშქვეშ ყოფნაა, ეს ცხოვრება სიმხნით სუნთქავს, სიმხნე – შიშის ჯობნაა. მეც აგრეთვე, ვითარც პლატონს, შიშთან [ერთად, - ზ.ხ.] სიმხნეც მქონია, სულში ვზრდიდი სიმხნის ჯადოს – კი გავზარდე – მგონია. მაინც – ყოფნას მსჭვალავს შიში, შიშის სუნი მქისეა, შიშით ცხოვრობს კაცის ჯიში, ასეა თუ ისეა“ (გვ. 430) |
ტერმინი |

კომენტარი | „მურმან ლებანიძის არაერთი ლექსი გამსჭვალულია ადამიანის და კერძოდ, თავად პოეტის სიკვდილთან „შესახვედრად“ მზადების ფილოსოფიური მოტივით. (აღნიშნულის საილუსტრაციოდ საკმარისია 1984 წელს დაწერილი მისი ერთ-ერთი ლექსის - ”არ მეშინია ვეფხის და ლომის“ გახსენებაც: „...არ მეშინია სიკვდილის, რომელს / კაცი ყოველი ელის...“). განსახილველი ლექსიც ამავე თემაზეა შექმნილი: მიუხედავად იმისა, რომ მასში ავტორი არ აკონკრეტებს, თუ რა სახის შიშზე საუბრობს, ნათელია, რომ ერთადერთი სახის შიში, რომლითაც „ცხოვრობს კაცის ჯიში“, შიში, რომელიც ადამიანთა „ყოფნას მსჭვალავს“, არის სწორედ ის შიში, რომელსაც განიცდის თითოეული ადამიანი თავისი ცხოვრების ბოლოს მოსალოდნელი გარდაუვალი სიკვდილის გამო. ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ამ შედარებით მცირე ზომის, კერძოდ, შვიდსტროფიან იუმორესკაში, ავტორი სამჯერ ახსენებს პლატონს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მურმან ლებანიძის ამ ლექსში უთუოდ არეკლილია პლატონის მეტ-ნაკლებად ცნობილი რომელიღაცა გამონათქვამი. და მართლაც, ის თვალსაზრისი, რომ ღირსეულ ადამიანს არ უნდა აშინებდეს სიკვდილი, პლატონის არაერთ ნაშრომში ფიქსირდება და ბერძენი ფილოსოფოსის ეთიკური კონცეფციის ერთ-ერთი საყრდენი დებულებაა. მაგალითისათვის, თავისი „სახელმწიფოს“ მესამე წიგნის დასაწყისში (386ab) პლატონი სოკრატეს პირით შემდეგ თვალსაზრისს აყალიბებს: „...განა ყოველივე ისიც არ უნდა გავაცნოთ მათ, რაც [...] სიკვდილის შიშისაგან დაიხსნის? [...] შეიძლება მამაცი იყოს ის, ვის გულშიც ამნაირი შიში ბუდობს?“ (თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა, გამომცემლობა „ნეკერი“, 2003, გვ. 85). და მაინც, საფიქრებელია, რომ მურმან ლებანიძისეული სიტყვების - „სიმხნე შიშის ჯობნაა, / მეც აგრეთვე, ვითარც პლატონს, / შიშთან [ერთად] სიმხნეც მქონია“ - ძირითადი ლიტერატურული წყარო, არის პლატონის სხვა არანაკლებ ცნობილი დიალოგი „ფედონი“, რომელშიც, როგორც ცნობილია, სოკრატე თვითმკვლელობის წინ თავის მოწაფეებს სულის უკვდავების დასამტკიცებლად რამდენიმე არგუმენტს წარმოუდგენს. მანამდე, მსჯელობის დასაწყისში (თავი XIII) კი ამბობს, რომ ფილოსოფოსების გარდა ყველა სხვა, მათ შორის, ერთი შეხედვით, მამაცი ადამიანის მხნეობა სიკვდილის წინაშე მხოლოდ მოჩვენებითია, რადგანაც ის შიშზეა დამყარებული: „შიშობენ, უფრო დიდი ბოროტება არ დაგვატყდესო თავს. [...] ამრიგად, ფილოსოფოსთა გამოკლებით, [სიკვდილის წინაშე, - ზ.ხ.] ყველა სხვა კაცის სიმამაცე შიშისგან იღებს დასაბამს, [...]“ (68d, თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა, თბილისი, 1966, გვ. 24). პლატონის თანახმად, სოკრატეს აზრით, „[...] ის, რასაც სიმამაცეს უწოდებენ, [...] ფილოსოფოსთ [...] შეჰფერის უპირატესად [...]“ (68c, იქვე, გვ. 23), რადგანაც „ჭეშმარიტი ფილოსოფოსნი სიკვდილისთვის ზრუნავენ მხოლოდ და კაცთა შორის ყველაზე ნაკლებად სწორედ ისინი უფრთხიან მას“ (XII, 67e, იქვე, გვ. 22), რადგან ჭეშმარიტი ფილოსოფოსი „დარწმუნებულია, რომ მხოლოდ იქ (ანუ: ჰადესში, - ზ.ხ.) ჰპოვებს სიბრძნეს მისი წმინდა სახით და არა სხვაგან“ (XII, 68b, იქვე, გვ. 23). ზემომოყვანილი პასაჟების გათვალიწინებით ნათელი ხდება არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ მურმან ლებანიძის განსახილველი ლექსის ლიტერატურული წყარო პლატონის „ფედონია“, არამედ - ის გარემოებაც, რომ პოეტი პლატონის / სოკრატეს თვალსაზრისს პერიფრაზული, სახეცვლილი ფორმით გადმოცემს, კერძოდ, უსადაგებს იუმორესკისთვის დამახასიათებელ სტილს, თუმცა, იმავდროულად, ინარჩუნებს მის არსს“ [ზ.ხ.] |
---|