ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XI ს. |
თხზულება | „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955) |
სახეობა | |
ციტაცია | „და დაუტევა [ალექსანდრე მაკედონელმა ე. კ.] მათ ზედა პატრიკად სახელად აზონ ძე იერედოსისი, ნათესავი მისი ქუეყანით მაკედონით და მისცა ასი ათასი კაცი ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰრქჳან ფროტათოს. ეს ფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მჴნენი, და ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქათლად, მისცა აზონ პატრიკსა და დაუტევა ქართლს ერისთავად აზონ, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად ქართლისა“ (გვ. 17) |
ტერმინი |
|

კომენტარი | გ. ქავთარაძე: „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ აზოს პიროვნების მორგების საჭიროებამ „მეფეთა ცხოვრების“ კონცეფციასთან ქართველთა ავტოქთონობასა და მათი პირველი, ადგილობრივი მეფის ფარნავაზის შესახებ „მეფეთა ცხოვრების“ ავტორი (თუ რედაქტორი) აიძულა აზო „მაკედონელი“ აზონით, ხოლო აზოს თანამემამულეები [...] აზონის თანმხლები „რომაელი ჯარისკაცებით“, ფროტათოსელებით შეეცვალა“ (გ. ქავთარაძე, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, IX, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 2009, გვ. 41). რ. თომსონი „პატრიკს“ თარგმნის როგორც პატრიციუსს (R. W. Thomson, Rewriting Caucasian History, The Medieval Armenian Adaptation of the Georgian Chronicles, The Original Georgian Texts and the Armenian Adaptation, Translated with introduction and commentary by R. W. Thomson, Oxford, 1996, 25). ი. გაგოშიძის შეხედულებით ტერმინი [ფროტათოსელნი ე. კ.] შესაძლოა მომდინარეობდეს ბერძნული πρότακτος-იდან, რაც „დაწინაურებულს“, წინა ხაზზე მდგომს ნიშნავს. მაგრამ „მეფეთა ცხოვრების“ ავტორმა იგი მნიშვნელობის გარეშე გამოიყენა (Ю. М. Гагошидзе, Самадло, археологические раскопки, Тбилиси, 1979, 97). გ. ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ფროტათოსელნი შეიძლება მომდინარეობდეს ბერძნული სიტყვიდან πρό-τασις / προ-τάσσω, რომელიც გამოყენებული იყო ალექსანდრე დიდის დროინდელი სამხედრო კორპუსის აღმნიშვნელად (Г. Лордкипанидзе, Проблемы войны и мира в Античной Грузии (VI-V вв до н. э.), Caucasica, The journal of Caucasian Studies, vol. 2, 1998, 160). გ. ქავთარაძე ტერმინს „ფროტათოსელნი“ უკავშირებს ვესპასიანეს ხანის მთავარსარდლის, ჰირიუს ფრონტოს სახელს. მისი აზრით, ეს ტერმინი თავდაპირველად აღნიშნავდა ჰირიუს ფრონტოს ხელქვეით მყოფ სამხედრო ერთეულს და შემდგომში (ჯერ კიდევ „მეფეთა ცხოვრების“ შედგენამდე) გაგებული იყო როგორც ბერძნული სიტყვა προ-τάττω „ადგილი ან პოსტი რაიმეს წინ“ (გ. ქავთარაძე, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, IX, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 2009, გვ. 41). გ. ქავთარაძე: „ერთი შეხედვით, ტექსტში აშკარა წინააღმდეგობაა. რომაული ქვეყნის ფროტათოს მოსახლეობა ფროტათოსელნი იგივე ჰრომნი ალექსანდრე მაკედონელის ქვეყანაში ავიწროვებენ რომს. ეს წინაამღდეგობა ადვილი ასახსნელია, თუ დავუშვებთ, რომ „მეფეთა ცხოვრებაში“ ან იმ ტექსტში, რომლისგანაც არის დასესხებული მოცემულ შემთხვევაში ეს თხზულება, საუბარია არა ალექსანდრე დიდის, არამედ რომის იმპერიის ხანაზე“ (გ. ქავთარაძე, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, IX, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 2009, გვ. 45). გ. მელიქიშვილი: „ეს ამბავი აზონის მიერ წამოყვანილი რომაელი ჯარისკაცების შესახებ მთლიანად იყო გამოგონილი მემატიანეს მიერ და დამატებული „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ სიუჟეტზე ქართველთა პირველი მეფის აზოს შესახებ“ (Г. А. Mеликишвили, К истории древней Грузии, Тбилиси, 1959, 280). მ. სანაძე, დ. ბრაუნდი, გ. ქანთარია მიიჩნევენ, რომ აზო / აზონი კავშირშია არგონავტების მითის იაზონთან (მ. სანაძე, „ქართლის ცხოვრება“ და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე), თბილისი, 2001, 38-41; D. Braund, Georgia in Atiquity. A History of Colchis and Transcaucasian Iberia, 500 BC – AC 562, Oxford, 1994, 114; გ. ქანთარია, აზონი, თბილისი, 2000). ს. რეპი თვლის, რომ აზოჲ / აზონი შესაძლოა ბერძნული იაზონის ადგილობრივი შერყვნილი სახესხვაობა იყოს (St. H. Rapp jr., Studies in Medieval Georgian Historiography. Early Texts and Eurasian Context. Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, Vol. 601, Subsidia Tomus 113, Lavanii, 2003, 270-271). |
---|