ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1882-1962 წწ. |
თხზულება | ჰიმნი ორფეოსისადმი (გრიგოლ რობაქიძე, ნაწერები, წიგნი II, თბილისი, 2012) |
სახეობა | |
ციტაცია | „(ნაგალობევი თებერვალს 1949-ისა არვ-ის ნაპირას ჟენევაში. ჩემს გერმანელ მეგობართა: ჰანს ჰასსო ველტჰაიმ-ის, ლეოპოლდ ციგლერ-ის, ბრუნო გოეტც-ის: პნეუმატიკოსისა, ოფრიკოსისა, ჰიმნთმმოსველ-ისა [ჰიმნიკოსისა] მიმართ ძღვნილი. უცხო ბგერები – საკრალური თაურ-ბგერებია, რითაც ესენი, ქართულ სიმღერებს შემორჩენილნი, არიან შთენილ). „იიარრაალარრალუუ ოორეააააროოიაა“ – გალობს ორფეოს. გალობასა მას ტყე მთვრალეული მრედ განაწოდებს თვისი შრიალით და, გარდააფენს კიდითი-კიდე, სიო-მობერვით: ზესთა-ატანილ-მორიალე ქორალი იგი მიიჭევლება და მირაკრაკებს შორეთთა შინა. აზლაზნილი აეტანება ნოტიო მღვიმეს და მზისაკ ესე აიმართება გველი რქიანი და ძოწისფერი და, გახელებით ჰხვრეპს ათინათთა. რამეთუ ისე, თითქო სასაში ყლუპით-ყლუპამდე ქვადქმნილყვესო ეგ სასუმელი, ანთხევს მზის ხვითოდ და, გარდატყორცნის მასვე იმა გალობის წიაღ, რომ ყუჩდება და, ოქროვანი აგერ-აგერ გადაბრწყინდება. კაცი ბრმობილი, მოშიშის ხელით სიცალიერეს რომ უფათურებს, ბიჯებისას გულისყურს იკრებს – ჰომიროსი ბაგემდუმართ: გერშით-სმენა მარტოოდენი და, აგრე წყნარად ჰყუდია იგი ტინის კედელსა: სიტფოებას, შინაგან-ლბობილს, ბეჭი შთაიგზნობს. თვისით-ესრეთ-მიმოძრვას თუ მოწადინეობს ბაგეუბარი? კვეთება რამ ტროფობა აღსავსე: აწ სწყდება ლოდი შვერილისაგან, ხეობაში გრაგანით მიდის და, აგრე ფრენას იმავ გალობის-თანავე ესრეთ დაიგემოვნებს. „ოდილარ იდალლაა დალი დალ დილლარაა“ – უცხო ასული, ხისტი ესე და მშვენიერი ათინათთა შორის მშვიდად ასხივოსნდება ლბილის მზერითა. სჩხიბავს ორფეოს. ვინ არს ასული, აგრე ახლო-მოტანებული? მე კი ვინღა – ეგრედ მშორები? თვალი-თვალ-ბრჯენილნი, ნუთუ მზერა ვართ იმ მავანისა, თავს რომ იოცვნის? ჩქეფს ორფეოსი. ქალის ლანდი ჩემს ლანდს ევლება – ო სიახლოვე, მშორებელი. იგი ოცნება, გულისცემას თანმიწევნილი! ჰგალობს ორფეოს. საგალობელი ესე ამიერ – სისხლი ძლიერი, ტფილა-ტფილად აღავსებს ლანდთა. შენ-ისა წიაღ შენ-ს ისევ შენ ესხივოსნება – ორფეოსი დაბადებას დღესასწაულობს. „ოორეეაა როოიაა“ – სირღმივ ზღვისა, სად წყალმცენნი, ყოვლიად-ლბილნი, იმ ნახშირთმჟავე კირის წიაღში, თავისთავიდან აღმოტანებულ ჯავშნადვე რომ შემოიწყობენ, წელიწადთა ეგოდენთ შემდგომ, ახლო-მოსული თავიანთი აღსასრულისა პირისპირ ესრეთ მოციმციმენი, აღფშვენენ ხოლმე, მაშინღა არის, შთაეტანება ქერქთა მათთა ჰანგი იგი ვითარ ნათელი და, მკვდომარ-აგრე აღმოსაფურჩნ მშვინვარენი მარჯანნი იგი საყუარელნი, განიღვიძებენ. ჩვენაც, ორფეოს, ვით წყალმცენნი არ ვმყოფობთ, განა? „ოოროოიაა რეეაა“ – ჰკვდება მავანი, აღმოსუნთქვის უკანასკნელის მიმნდობი შენდა და, ნუთუ ნათელს ჰანგს, საგალობლის შენისა წიაღ მბოგინებელს, ჰკოდავს სალმობა იმავ მავანის? ისე, ვით მყნობილს ჰსათნოებს ხე სერილით თვისით, შენს ჭრილობასაც თანა-ეზრდება მარჯი მარტოდენ, ტკივილი კიდევ, მარჯით კურნვილი, ხომ თავადვე იქმნება მარჯად. მარჯი შენდა, ორფეოს, მარჯი! მარჯი შენსა საგალობელსა! იგალობებდე, იგალობებდე, იგალობებდე! გალობს ყოველი და აღფრენს აგრე შენსავ-თანაერთ. თავად ვასაკა დაფხავებულ რასმე ფუღუროს აუცოცდება ზემო-ზემო და თანდათან ემაგ გალობას მიედევნება მკვახე ყაყანით და, ეზო-კარსა სახედარიც, საწყალობელი, ექსტაზს ენთქმის და, ბეგარად ყელსა თვისსა მოუხეშავსა და გაჯირჯვულს, განიღებს იგი, ანუ აჰყვება ყოყინ-ყოყინ ქორალსა ამას და, მომთავრება აღარა ძალუძს. „არრალუუ იიარრაალ“ – აღფრენს ყოველი და იგალობს შენსავ-თანაერთ. დედამიწა, თასი, ჰანგთაგან სრულ-პირთამდე-ესრეთ-მოსული, ნეტარ აღიბრწყენს იმა აღფრენით, ბრუნვილ-ბრუნვილ რომ განაგრძელებს ცისაკ არწივი. სულ მაღლა-მაღლა ეტანება ფრენა არწივულ – ვიწრო და ვიწრო გვირისტი სულაც. იქნება იგი, მზის ფრთოსანი, ზვარაკად მისად: მზისად მირთმევას ჰანგისასა სურვიელებდეს? „ოდილლარ იდალლაა“. – სლვად შეღერილან მენადები, რაცა ხანია, ზარხოშისაგან, ვითა ღველფად-მჩქეფი თესლისგან არევ-დარეულ-აღსწრაფებულნი და, მათ მსგავსადვე ვინაც მოთშობად-მიწევნილნი, ძარღვს იკბენენ ხოლმე უსაზმნოდ, მოიხელთონ ჰაერი რათა, ესენიც ველურ მიილალვიან და მიჰყივიან მთრობელს თვისსა. „ევოე-ევოე“, განმზადილები, მთრობლის მკერდზე სრულ-დანდობილად, იფლითონ ხორცნი მოსაკვდინებელ. „ევოე! ევოე!“ „დალი დალ დილლარაა“ – ანაზდად ისე, თითქოსდა დანას, პირმომახულს, მოხმიანე მკერდი ტყისა სრულიად-გამჭოლ გადაესეროს – წყდება გალობა ბაგე-ოხვრილით. აიმ მტრიობელ-მოღუღუნეებს, სიშლეგე-პყრობილთ, თავიანთის ბრმა გახელებით, ელვისებრი ტკბილ-ესრეთ-კბენით საკვდენად ნუთუ დაუკოდნიათ მაგალობელი? ახაიმე! ახაიმე! ხკვდება ორფეოს! ტყე დაშანშხლული მსწრაფლ სრულადვე დაიყუჟება. დაშტერდებიან სრულად-ცალიერ სიბრმავისა წიაღ მზერანი. ფორხილ-ფორხილ ფრენს არწივი იგი დაკოდილი – ტანჯვა-ნაწვნევი მაინც მყოვრობს მხნეობასავსედ: გულნიც თვისითვე მას მინდობიან. არწივმან, რომელს მზის შუაგულ აღუჭვრეტნია, ფრთოსანმა მან უწყის: აროდეს განქარდება, რაც გულში როსმე ვითა გული არს აღმომხდარი! შენ, ორფეოს, აეგ გული არა ხარ, განა? შენავ-ლაფანი ლტოლვისაჲ, არაოდეს მბოლოებადი: აღსრულება და სისრულითვე განწვალვაჲ! განმქვრევა შენი განა არ არის კვლავ-წარმოდგენა ოდენ მიმსწრაფი სუნთქვისა შენის, წმიდის სუნთქვისა, რასაც ჩვენგნივ შორეთს-აღლტოლვით მეტის და მეტის სისავსისამებრ ეონიდან ეონისაკენ ჟამით ჟამამდე ხოლმე ესრეთ დავნატრულდებით? ვითარცა ზუმილს ჰაერწაგვრილს, ჩვენც, განმქვრევადთა, აგრე გვწყურიხარ. ეს ხანი არის, იმწყვდევს არწივი მშვინვას შენეულს და, ფრთაშესხმით ჩვენსა ზედან გარდმოატარებს – და გვამცნობს ესრეთ მზის მხილავი: მოვალსო იგი, ჟამსა როსმე კვალად მოვალსო? ო, შენ-ის წიაღ ისევ შენ-ის გამცხადებელო! მზერის შიგან-მყოფ მზერისადმი შენ ღმრთის ელვარო! ო, მოვედინ ჩვენდა, ორფეოს, ჟამსა როსმე მოვედინ კვალად! ევოე! ევოე! ევოე! იიარრაალ არრალუუ ოდილლარ იდალლაა!“ |
ტერმინი |

კომენტარი | ლექსი დაწერილია გერმანულ ენაზე. 1952 წლის დეკემბერში, ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისისადმი გაგზავნილ ბარათში, ამ ლექსის შექმნის ისტორიას გრიგოლ რობაქიძე ასე იხსენებს: „ომის დროს სამყარო სარდაფად იყო ქცეული, ომის შემდეგ კი იგი ბანაკი გახდა. შეკითხვაზე, თუ რა აწუხებს დღევანდელ კაცობრიობას, მე ვუპასუხებდი: შინაგანი ჩაკეტილობა. მე მინდოდა, ორფეოსისათვის მიმემართა, ორფეოსისათვის, ვისთანაც გაცხადდა შენ შენში, რათა ჩემი ღრმა გრძნობა გამომეხატა. ასე წარმოიშვა 1949 წელს ჩემი ჰიმნები ორფეოსისადმი“.... (იხ. თამარ მესხი, „დიდი ხანძრის მეწამული ანარეკლი“, თბილისი, „მეცნიერება“, 1996 წ., გვ. 105-125). ლექსი „Hymne an Orpheus“ ქართულად თარგმნა ბესიკ ადეიშვილმა. |
---|