ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1931-1997 |
თხზულება | მედეა (გიორგი კორნაპელი, ფენიქსი, ლექსები და პოემები. გამომცემლობა „მოწამეთა“, ქუთაისი, 1995) |
სახეობა | |
ციტაცია | „პრომეთეს სისხლზე ამოსული ყვავილებიდან ჩნდება მედეა და იტანჯება, ფაზისის პირას დამცხრალ აფრებთან. * მარგალიტების მშიშარა ეტლით გამოიქროლეს ტყე უნასებმა და ჩირაღდნებით აივსო ღამე, კვნესდა მედეა ღამის ავსებას და ურჩხულების ორკაპ კუდზე გოგირდის ალი ია-იებად ლიცლიცებდა უღრან ღამეში. * ესმის ჰეკატეს ლოცვა ქურუმის, ესმის დუმილი ღამის ტრამალთა. ვინ მოუსმენდა განწირულ ქალწულს, აქვითინებულს ჯადო-წამალთან? * მე აქ შემეხო პრომეთეს ტანჯვა და წამომადგა ღამით ჰეკატე. ჩამოიბურა მზის სახე კოლხთა, თითქოს მრისხანე მთაც მოიხარა, სამშობლოსათვის გული აკვნესდა, და იალქანი ბორგავს არგოზე. * ახლა ლერწამი აინთე, ფაზის! ყანჩა აინთე - ველი არესის, კოლხთა შუბები აინთე, ფაზის! იმ გაშმაგებულ მზეზე ნალესი. * ჰეკატეს ტაძარს ანთებს მედეა, დადნა კლდეები ალმასთა ელდით, პრომეთეს სისხლზე ყვავილი კვნესის და განძარცული სამშობლოს ბედი. ქალწულის სარტყელს ჯადო გაჟონავს, გაუტაცნია გული ეზონიდს. ქედების შტოებს ზაფრანის ქარით ააყვავილებს და ჩავა მთვარე. მსხვერპლი კი მიჰყავს ველად იაზონს, ქარი აჩაღებს ციცინათელებს, გაიციმციმებს მახვილი ბნელეთს და მსხვერპლის სისხლზე ძაღლები ყეფენ, იმ ჯოჯოხეთის შავი შიმშილით. შეწუხებული ქარი ღალატით, და უზრუნველად სძინავთ მზის შვილებს. * დამტოვე ასე - შენთვის მწუხარე, მე შენს ჭრილობებს ზე ავწევ ქნარით, ხვალ ნათელ ეტლით მოვა ჰელიოს უუთეთრესი რაშების ქარით. ხვალ შემომბღავლებს სამშობლოს მიწას ხარი ხნულებში წამოჩოქილი, უცხო ხომალდი გაწუხებს, ფაზის, და შფოთიანი კოლხეთის ძილი. * არესის ველზე ხარის ბღავილი და დაჩოქილი ცეცხლის ხარები მოაქვს მედეას ჯადო ყვავილით და იხედება ცა მწუხარებით. * მზე ჩაქრა კოლხთა დახრილ შუბებზე, ფაზისს ჩრდილები გადაეფანტნენ, ვიღაცა შედის მსუბუქად ტყეში და აატირებს ღამეს ჰეკატე. * ისევ მობრუნდი ჩემთან, ჰელიოს, შენ ხომ მარადის ჩემთვის მღეროდი. მომეცი ძალი, დროის სამნები რომ გავარღვიო და ჩემი ძველი მიწა ვიმღერო შენი სიცხადით, გადაირბინეს შენმა რაშებმა და მიეწურნენ ბინდს მწვერვალები, და იხედება შავი კლდესავით კოლხების გული და მრისხანება. ცეცხლის ხარებით გადახნულ ყამირს მთვარე დასტირის ვერცხლისფერ ზარით. * კოშკებზე სთვლემენ მზის საათები, სანთლები შიშობენ ბნელს, ყივიან მამლები ღამეს... შურისძიებით დატანჯულ წამზე კოლხთა შუბები აღმოცენდება. მაგრამ ის ჯადო იხსნის ეზონიდს და თავის გულმკერდს დაიღრღნის ლომი. * ძვირფას ქვასავით შეჰკანკალებს ქალწული ღამეს, დადაღულია ძმების ღალატით, უძლურ არს ჯადო სიყვარულთან, უძლურ არს ჯადო... ტიტანურ მთებთან ხვალ კოლხები გაიღვიძებენ და გაექცევა ჰელიოსის სიცხადეს ღამე. * კოლხურ ღამეში გარბის მედეა, კანკალებენ: აგატები, საფირონები, შეშფოთებულან იასპები ხვლიკურ სიმწვანით, კრთის ფირუზი ტყის ნაპირებთან და ეთერს დაჰხრის ლერწმებით ქარი. - მშვიდობით! - კივის ბროლი მაცდური, არგოს ანძებზე ჰკიდია გული. * კოლხურ კოშკებთან წვალობს სინათლე, კოლხთა მრისხანე სახეებთან წვალობს სინათლე, მზის სამსხვერპლოსთან წვალობს სინათლე და ტირიფები ცახცახებენ ჩქერის წყალივით; მხოლოდ არგოზე, მოსიზმარე არგოზე ყვავის სიხარული ყაყაჩოსფერი, და ცის სვეტივით სწორი ტყეები მოდრეკილია ორფეოსის ლაჟვარდის სულთან. ზღვას მოზიდავს ქნარით ორფეოს, ვარსკვლავთ გადმოხრის... ხვალ დაიწივლებს ძერასავით ისარი კოლხის და თავის სისხლზე გავლილ ქალწულს დაედევნება... * გარიჟრაჟივით შესცახცახებს ელადის გმირებს მღერის ორფეოს. სისხლის ღვარი შეწყდა ტიტანის და მიეფარა კლანჭები შორეთს, მიჰყვება არგო ფაზისის ჩქერს, ფრთხება ფრინველი ათასნაირი, მღერის ორფეოს, მედეა ტირის. * იყო დიდება იყო აიეტ, იყო მზის მეფე, მზე რომ დალია. და მე ვიყავი და ვარ მხოლოდ მოგონებისთვის; ცეცხლის ფრთა მომეც, მთაო დრაკონის, სული ტიტანის და არა მონის... ისევ აყეფდნენ ქვესკნელის ძაღლნი და ეფარება იდუმალება ჰეკატეს ტაძარს ლანდებით დაღლილს... * ვინ გაუნათა ის გზა იაზონს! – შემყვირებს მუხა მე განძარცული, და გველეშაპის ცეცხლიან თვალებს ეხება ჯადო ფერფლისფერ რულით. გველისფერ ქერცლზე ვარსკვლავები ცვიოდნენ შიშით და ჯოჯოხეთის ძაღლნი გარბოდნენ. და ქვევით, ქვევით, მწვანე ფაზისთან ჩემი საწმისის განთიადი აღსდა არგოზე. * ამოანათე ისევ, ჰელიოს, და ეტლი შენი გადმოაქროლე, და გააგონე სამშობლოს კვნესა შუბის ტარებზე მთვლემარე ქორებს. ვაი, უმსხვერპლოდ დარჩენილო შურისძიებავ, ხვალ ჰელიოსის სიცხადეში რა ჰქნან კოლხებმა, ჩამოფრინდება ის არწივი ტიტანის მკერდზე და ჩემი სისხლი კვლავ ამბოხდება. * კოლხთა რისხვისგან არგოს დაიხსნი? ძმის სისხლით უნდა გაანათო ღმერთის ტაძარი? დაფლითეთ, აჰა, ჰელიოსის რაშებო, ღამე, თავის დუმილით დატანჯული მთები დასძარით. * ღამეში სისხლის ხე დამედევნა, როცა ყვავილი მსურდა სივრცეთა... სისხლის შადრევნით დაგეწევა ის მოსასხამი და გაანათებს მთვარე: ტაძარს, კუნძულს, მზის სევდას. აჰა, საღამოს მოხეტე თვალი ზღვის მიწურულში განიბნა ლალად, და ღამემ მთათა ალმასნი მოსრნა, იყო ნაბიჯი უკანასკნელი, ტაძარო, როგორ დაფარე იგი - მზემიწურული კოლხთა ბელადი? * აქ ატირდება კოლხური ზარი, უბედურებას მოეფერება. დადგება წამი, რომელიც კივის, თითქოს არავის არ ჰქონდეს გული?! * ააბრჭყვიალე, ღამევ, ლანდები, ძერის ქარდები და ბოროტება. მე ხომ გაქცევა მინდა აქედან და შეფარება მზეთა ტოტებში. არრას განსჯიან ზეცით, არც გზას ულმობელს, არც ხეს სისხლიანს, არც ქალწულს ცოდვილს, გაქვავებულს ტაძრის ჩრდილებთან. მის გულის ძიგძიგს მხოლოდ ანათებს, ანათებს იგი. * ცივდება ციდან ჩამოვარდნილ მეტეორივით ბელადი კოლხთა. სძინავთ უმჩატეს ზღვის ფრინველებს და მნათობები ღამეს ცრიან ტაძრის სარკმელთან. * სადღაც აწყვია მკვდარი შვილები, და გვირილები ეხება გვამებს. რა სევდა იყო ის გვირილები, რომ შეანათა ჰეკატემ ღამეს?! ჩირაღდნებს ასწევს ისევ ჰეკატე და მედეას ეტლს ღამეს შეურევს. და ჩირაღდნები ანათებენ ისევ მზის სევდას“ (გვ. 121-129) |
ტერმინი |
|

კომენტარი |
---|