ავტორი | |
---|---|
ეპოქა | 1891-1959 |
თხზულება | გეტერა (გალაკტიონ ტაბიძე, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი I, ლექსები, თბილისი, 1966-1973) |
სახეობა | |
ციტაცია | „ღამის ლეგენდა დაჰქრის, დაცურავს, ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა, თავდავიწყების სავსე მორევში დღეს ლხინს, ძლევა ქსანტე გეტერა. ტკბილ ნეტარების მდუმარებაში აჰა, სიმღერაც გაისმის წყნარი, ხან ნაზი, როგორც თოლიას კვნესა, ხან მწველი, როგორც სატანას ქნარი. ველური ცეკვა, თასთა წკრიალი, მოწყენილ კაცთა ხარხარი მწარე, მელოდიური გაძაფული ხმა, ხან სინანულის ჰანგი მგზნებარე, ყველა ამ ხმებში დაგუბებულა, შეერთებულა და ადის ცამდე, ჰანგი, შექმნილი ღვთის დასაგმობად და დაშვებული სინანულამდე. გადაშვაღამდა. თასები ღვინით დაიცალა და ისევ ივსება, მოწყენილია რაღაც გეტერა – სხვა ყველა დათვრა, ის კი არ თვრება. საცაა ხომლი ჩაჰქრება ცაზე, მთვარის ნათელი დნება და კვდება, ფანჯრის ფარდიდან რიჟრაჟი დილის აღმოსავლეთით ოდნავ იღვრება. და განთიადის თეთრი ღრუბელი აცურდა ისე, ვით იალქანი, და თრთის მხიარულ დღის მოლოდინში გაშიშვლებული გეტერას ტანი. უეცრად ვიღაც სტუმართაგანმა ფანჯარას ფარდა გადააცალა და განთიადის ელვარე სხივი მსწრაფლ გამოიჭრა, ვით ცეცხლის ძალა. გააცხოველა და გაანათა გაშიშვლებული გეტერას ტანი. გარინდდა ამ დროს მთელი დარბაზი, არ ზის არც ერთი სტუმართაგანი. მათ წინ გეტერა იდგა, რომ სული სხეულისათვის მიეცა გრძნობით. ოქროსფერ თმებით შემობურულ შუბლს ღვთაებრივობის აჩნდა ნიშანი. მზის სხივზე თითქოს ოქროსი იყო გაშიშვლებული გეტერას ტანი. იმგვარად თეთრი, ვით მარმარილო, თრთოდა, ტოკავდა ძლიერი მკერდი, როცა იქავე მდგომმა მხატვარმა ურცხვ ქალს შესძახა: „ქსანტე, შეჩერდი! ქსანტე, მაგგვარად განაბე სული, ოჰ, არ დაიძრა, გთხოვ, გევედრები. გავაუკვდავებ მე მაგ შენს სხეულს, საუკუნეთა წაგიღებს ფრთები, ქარიშხლიანი შენი წარსული აღსდგება, რომ კვლავ გაღოს ხმები. იცხოვრებ ქვეყნად მაშინაც, როცა სხეულით ქვეყნად აღარ იქნები!“ სთქვა მოქანდაკემ... მაშინვე მიწა გადაურია, დასწნა, დაგრიხა და წუთის უმალ უკვდავ ქანდაკად გადააქცია უბრალო თიხა, და აფროდიტას სახედ ტაძარში დასდგა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი და დიდხანს, დიდხანს იცოცხლებს კიდევ გაშიშვლებული გეტერას ტანი. ოდნავ შეარხევს ოცნების აკვანს. არვინ იკითხავს – თუ რას ჩავდივართ, არვინ იკითხავს – თუ ვის ვცემთ თაყვანს, ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეში, ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი, წმინდა ტაძარში თვით აფროდიტა, თუ სათაყვანო გეტერას ტანი“. (გვ. 245) |
ტერმინი |

კომენტარი | ამბავი, რომელიც პოეტურად გადაამუშავა გალაკტიონმა და თავისებური ინტერპრეტაციით აამეტყველა, ისტორიული სიმართლეა და იგი წარმოდგენილია პლინიუს უფროსის „ბუნების ისტორიაში“. ამ გადმოცემის თანახმად, პრაქსიტელესი იყო პირველი, ვინც გაბედა და ქალღმერთი აფროდიტე სრულიად შიშველი გამოაქანდაკა. ეს ქანდაკება მას შეუკვეთეს კუნძულ კოსოსის ბინადრებმა. მან შეასრულა ორი ვარიანტი: შიშველი ქალღმერთი და შემოსილი ქალღმერთი. ორივე ნამუშევრისთვის ერთი და იგივე საფასურის მოთხოვნით. შემკვეთებმა ვერ გაბედეს შიშველი ქალღმერთის ქანდაკების შეძენა და ტრადიციული ვარიანტი არჩიეს. მისი ასლები და აღწერები არ შემოგვრჩა და ამიტომ იგი დავიწყებას მიეცა. სკულპტორის სახელოსნოში დარჩენილი „აფროდიტე“ კი მცირე აზიის ქალაქ კნიდოსის მკვიდრებმა შეიძინეს. სწორედ ამ ქანდაკებამ გაუთქვა სახელი მათ ქალაქს, რომელსაც სულ მალე მრავალი მნახველი მოაწყდა (პლინიუს უფროსი, „ბუნების ისტორია“ XXXV). მოქანდაკეები მის ასლებს აკეთებდნენ, პოეტები ეპიგრამებს წერდნენ. ერთ-ერთი ცნობილი ეპიგრამა ასე იკითხება: „როდესაც კნიდოსზე აფროჟიტე იხილა ქალღმერთმა აფროდიტემ, მორცხვად აღმოხდა: ვაი, სირცხვილო, ნეტა სად მნახა შიშველი პრაქსიტელესმა?“. ბითვინიის მეფე ნიკომედეს პირველმა კუნძულელებს ვეებერთელა სახელმწიფო ვალის სანაცვლოდ აფროდიტეს ქანდაკება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ბიზანტიის იმპერიის ჟამს ქანდაკება კონსტანტინოპოლისში გადაიტანეს, სადაც სხვა ანტიკური ხანის ძეგლებთან ერთად ისიც დაიფერფლა მაშინ, როდესაც ქალაქი ცეცხლს მისცეს ბარბაროსებმა. გადმოცემათა თანახმად, პრაქსიტელესმა მოდელად თავისი სატრფო, ჰეტერა ფრინა გამოიყენა. ეს მკრეხელობად აღიქმებოდა. ამიტომ ერთმა უპასუხოდ დარჩენილმა თაყვანისმცემელმა ფრინას ბრალი დასდო გარყვნილებაში და ეს მშვენიერი ჰეტერა სამსჯავროს წინაშე წარსდგა. მის დამცველად გამოდიოდა ცნობილი ორატორი ჰიპერიდესი, რომელიც ასევე ფრინას თაყვანისმცემელი იყო. იგი არ იყო დარწმუნებული გამარჯვებაში და ამიტომ თავისი სიტყვის დასასრულს ფრინას მკერდი გაუშიშვლა. ამ სილამაზის ხილვით მონუსხულმა მსაჯულებმა ჰეტერა გაამართლეს (სტრაბონი IX, 410). ბერძენთა აზრით ხომ მშვენიერ სხეულში მშვენიერი სულიც უნდა ყოფილიყო. არსებობს კიდევ ერთი გადმოცემა, რომელიც პრაქსიტელესისა და ფრინას სიყვარულს ასახავს: `გადმოგვცემენ რომ ფრინამ სთხოვაო პრაქსიტელესს, ეჩუქებინა თავის ქმნილებათაგან საუკეთესო. მხატვარი დათანხმდა, რადგანაც ფრინა უყვარდა ძლიერ, მაგრამ ნახელავთაგან უმშვენიერესი მაინც არ დაასახელა. და აი, მოულოდნელად მოირბინა ფრინას მსახურმა და პრაქსიტელესს აუწყა, რომ იწვისო შენი სახლი, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი არ დაფერფლილა. პრაქსიტელესმა წამოიძახა: `რაღა დამრჩება, თუკი სატირი და ეროსი დამეღუპება?~ და დაუხანებლივ გარეთ გამავალი კარებისაკენ ისწრაფა. მაშინ ფრინამ სთხოვა დამშვიდებულიყო და დარჩენილიყო მასთან. ამასთანავე მიახარა, რომ მის ქმნილებებს არაფერი მოსვლიათ, რომ ეს ოინი მან მოაწყო, რათა თავად მისგან გაეგო, რომელ ნახელავს მიიჩნევდა საუკეთესოდ (პავსანიასი XX, 1-2). გადმოგვცემენ, რომ ფრინამ თავისი სილამაზე სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნ. მას თავად დაუმზადებია მალამო, რომელიც აახალგაზრდავებდა მის კანს. იგი დიდი პატივით სარგებლობდა ხალხში, რადგანაც მისი მშვენების დამადასტურებელი ქანდაკება არტემის ეფესოსელის ტაძარში ინახებოდა. ხოლო ეს ქანდაკება ძველ სამყაროში აღიარებული იყო არა მხოლოდ პრაქსიტელესის საუკეთესო ქმნილებად, არამედ ყველა დროის საუკეთესო ქანდაკებად. რომაულ ეპოქაში აფროდიტეს ეს გამოსახულება კნიდოსურ მონეტებზე იყო აღბეჭდილი, მისგან აკეთებდნენ მრავალრიცხოვან ასლებს. მათ შორის საუკეთესო დღეს ინახება ვატიკანში, ხოლო აფროდიტეს თავის საუკეთესო ასლი დაცულია ბერლინის კაუფმანის კოლექციაში. რაც შეეხება გალაკტიონის მიერ „ქსანტედ“ წარმოდგენილ ფრინას, ეს უნდა იყოს „ქსანთიპეს“ გავლენით შექმნილი სახელი, რამეთუ ქსანთიპე იყო სოკრატეს მეუღლე, და შესაბამისად პოპულარული ფიგურაა ანტიკურობით დაინტერესებულ საზოგადოებაში. |
---|