ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს-ის მიჯნა |
თხზულება | ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, ტექსტი და ვარიანტები აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, თბილისი, 1966) |
სახეობა | |
ციტაცია | „მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა: სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“. (სტროფი 791, 3-4) |
ტერმინი |
|

კომენტარი | მ. უორდროპის აზრით, „რუსთველისეული დამოწმება პლატონთან არ იძებნება“ (The Man in the Panther’s Skin, A Romantic Epic by Shot’ha Rust’haveli, a Close Rendering from the Georgian Attempted by M. S. Wardrop, Tbilisi, 1966 (Reprinted from the Original English Edition, London, 1912), გვ. 180). კ. კეკელიძის აზრით, შესაძლებელია, რომ რუსთველი პლატონზე მითითებით საზოგადოდ მიუთითებდეს ბრძენსა თუ ფილოსოფოსზე, როგორც ავტორიტეტზე (ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II, თბილისი, 1958, გვ. 180). ა. ბარამიძე იზიარებს განსახილველი პასაჟის თაობაზე კ. კეკელიძის მიერ გამოთქმულ თვალსაზრისს (შოთა რუსთველი, თბილისი, 1975, გვ. 171). შ. ნუცუბიძის აზრით, ამ ფრაზაში სულის ხორცზე დამოკიდებულება უნდა დავინახოთ და ამდენად, უნდა დავაფიქსიროთ მატერიალისტური ტენდენციები რუსთველთან, ხოლო პლატონის ხსენება „ლიტერატურულ ფიქციად“ უნდა ჩაითვალოს (რუსთაველის შემოქმედება (რუსულ ენაზე), თბილისი, 1958, გვ. 91, 96, 102). ვ. ნოზაძის აზრით, 791, 3-4 აიხსნება პლატონის სულის ანთროპოლოგიის მოძღვრების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, სული მიწაზე დაშვების შემდეგ უკავშირდება სხეულს და მას სიცოცხლეს ანიჭებს, მაგრამ, რამდენადაც თვით სული ზეციური იდეის მხოლოდ მსგავსია და არა მისი იგივეობრივი, სხეულის ბოროტი გავლენისაგან ის შეიძლება შეირყვნას, დამახინჯდეს: „სიცრუე და ორპირობა და სხვა ასეთი ავნებს ჯერ თვითონ ხორცს და შემდეგ კი სულსაც ავნებს და ამდენად, სული ხორცისაგან შეირყვნებაო“ (ვეფხიტყაოსნის ღმრთისმეტყველება, პარიზი, 1963, გვ. 338-339). პ. ინგოროყვას აზრით, 791, 3-4 პასაჟი მომდინარეობს XVI ს-ის ქართულ ხელნაწერებში არსებული ქართული აპოფთეგმური კრებულიდან „სიბრძნისაგან პლატონ ფილოსოფოსისა“, რომლის ერთ-ერთი აპოფთეგმის თანახმად, „შური და ტყუვილი და ორპირობაი თავი არს ყოვლისა უბედურებისა“ (რუსთველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა, რუსთველის საიუბილეო კრებული, თბილისი, 1938). ი. ლოლაშვილი იზიარებს განსახილველი პასაჟის თაობაზე პ. ინგოროყვას მიერ გამოთქმულ თვალსაზრისს (სწავლანი და სიბრძნენი ფილოსოფოსთანი, გამოკვლევითა და ლექსიკონით, თბილისი, 1969, გვ. 73). ნ. ნათაძის თანახმად, „პლატონის ... ნაწერებში ეს აზრი ამ სახით არ მოიპოვება. მაგრამ სულის უკვდავებაზე პლატონი ბევრს მსჯელობს („ფედონი“) და საიქიო ნაცვალგების პრინციპიც – აზრი, რომ სულის ბედს სიკვდილის შემდეგ განსაზღვრავს ჩვენი ქცევა ამ ცხოვრებაში – ფილოსოფიაში პლატონმა შემოიტანა („თეეტეტი“, „სახელმწიფო“). ამდენად, რუსთველის მიერ პლატონის დამოწმება სწორია. „ხორცის ვნებაში“ იგულისხმება ამქვეყნიური უბედურება: სიცრუე ამ ქვეყანად უბედურებას მოგვიტანს“ (ვეფხისტყაოსანი, სასკოლო გამოცემა ლექსიკონითა და კომენტარებით, თბილისი, 1974, გვ. 527 = 2006, გვ. 474). ე. ხინთიბიძის აზრით, რუსთველისეული პასაჟი ნამდვილად რომელიღაც პლატონისეულ თვალსაზრისს ასახავს, მაგრამ არ მომდინარეობს ქართული აპოფთეგმური კრებულიდან „სიბრძნისაგან პლატონ ფილოსოფოსისა“, რადგანაც განსახილველ აპოფთეგმაში 791, 3-4 პასაჟით გადმოცემული პლატონისეული დებულების მხოლოდ ერთი ნაწილი ფიქსირდება, მეორე და უფრო არსებითი (სიცრუე და ორპირობა ჯერ ხორცს ავნებს, შემდეგ სულს) კი – არა. ამდენად, აპოფთეგმისეული გამონათქვამი თვითონ მომდინარეობს „ვეფხისტყაოსნის“ ამ პასაჟიდან, კერძოდ, მისი მომდევნო სტრიქონიდან: „რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა...“ (792, 1) და საზოგადოდაც, კრებულისეული დანარჩენი აპოფთეგმებიც პლატონისეულ დებულებათა მხოლოდ მსგავსია და არა მათი ადეკვატური (მსოფლმხედველობითი პრობლემები ვეფხისტყაოსანში, თბილისი, 1975, გვ. 347-348). ი. მეგრელიძის აზრით, ამ რუსთველისეულ პასაჟში შემონახულია რომელიმე წიგნში არსებული ან ზეპირი გადმოცემით ცნობილი პლატონის ჩვენამდე არმოღწეული დებულება (ბოლოსიტყვაობის მაგიერ, წიგნში: მ. გოგიბერიძე, რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. IV, თბილისი, 1978, გვ. 348). ლ. ალექსიძის აზრით, 791, 3-4-ის მსგავსია პლატონის თვალსაზრისი გამოთქმული მის VII წერილში (უსამართლო ადამიანები ამქვეყნად ბოროტების ტვირთის ზიდვისთვის არიან განწირული, მიწისქვეშეთში კი – სამარცხვინო ხეტიალისათვის, ე.ი. უსამართლობა ვნების მომტანია როგორც იმქვეყნიურ, ისე ამქვეყნიურ ცხოვრებაში VII, 335ც), რამდენადაც რუსთველისეული „ხორცის ვნება“ ნიშნავს ადამიანისათვის სიცოცხლეშივე ვნების მიყენებას, ხოლო „მერმე სულსა“ კი – გარდაცვალების შემდეგ სულისათვის მიყენებულ ვნებას („სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“, „ცისკარი“, 1990, 8, გვ. 106-112). რ. თვარაძის აზრით, 791, 3-4_ის მსგავსია პლატონის თვალსაზრისი გამოთქმული „გორგიასა“ (სიცრუე იწვევს სულის გამრუდებას, 524დ-525ა) და „კანონებში“ (ცრუ ადამიანი მოხუცებულობას მარტოობაში გაატარებს, V, 730ც), (პლატონი ქართულ ნააზრევში, „გადასახედი“, თბილისი, 1997, გვ. 446-465). ბ. ბრეგვაძის აზრით, 791, 3-4_ში რუსთველის მიერ პლატონის თვალსაზრისი, ევროპული შუა საუკუნეების ტრადიციის თანახმად, გადმოცემულია „ნეოპლატონიზმის პრიზმიდან“ დანახული და აღქმული სახით: „პლატონური და ნეოპლატონური ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიხედვით, „ხორცი“ ანუ „სხეული“ ... სხვა არა არის რა, თუ არა სულისა და ხორცის ნაერთი... ყოველგვარი აფექტაციის მტვირთველი სწორედ „ხორცია“ ანუ „სხეული“, რომელშიაც ქვენა გრძნობების (მათ შორის „სიცრუის“ და „ორპირობის“) და მდაბალი ინსტინქტების მძლავრობა, უწინარეს ყოვლისა, „ხორცს“ _ სულის არაგონივრული საწყისისა და სხეულის ნაერთს ვნებს... თუმცა აფექტაციისგან არც ადამიანის ჭეშმარიტი „მე“ _ სულის უზენაესი, გონივრული საწყისია მთლიანად თავისუფალი, მაგრამ ეს აფექტაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეორადია, მეორეული (აქედან _ „ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“)“. ამდენად, განსახილველი პასაჟი, ფაქტობრივად, მთლიანად პლატონისეული თვალსაზრისის ამსახველია და არა მისი რომელიმე გამონათქვამის (პლატონი და რუსთველი, წიგნში: პლატონი, პარმენიდე (თარგმანი, წინასიტყვაობა დამატებებით და კომენტარები, თბილისი, 2002, გვ. 374, 377, 386). ე. ხინთიბიძის აზრით (<<„პლატონისგან სწავლა-თქმული” და მისი მსოფლმხედველობითი დატვირთვა>> , მართებულია საკითხის იმგვარად გააზრება, რომ 791, 3-4-ში დაფიქსირებული დებულება პლატონის რომელიმე კონკრეტული გამონათქვამის ამსახველი კი არაა, არამედ მთელი თვალსაზრისის, მაგრამ არა „პლატონისეული სულის ანთროპოლოგიის“, არამედ (რამდენადაც დებულება უდაოდ ეთიკური ხასიათისაა) პლატონის ეთიკური მოძღვრების (პლატონი, „სახელმწიფო“). კერძოდ, „რუსთველი ამბობს: სიცრუე, როგორც ზნეობრივი მანკი, ჯერ ავნებს ადამიანს ხორციელ ყოფაში –ამქვეყნიურ, მიწიერ არსებობაში; შემდეგ კი ავნებს მის სხეულისაგან განშორებულ უკვდავ სულს“. სწორედ ამგვარი თვალსაზრისის დასაბუთებით დაასრულებს თავის სახელმწიფოს პლატონი (X, 613ა – 621დ): უსამართლონი დაისჯებიან როგორც ამქვეყნად... ისე იმქვეყნად, ... ხოლო „სამართლიანობის წყალობით ... ბედნიერები ვიქნებით აქაც და ათასწლოვან მოგზაურობაშიც“, რაც უფრო კომპაქტური და ამდენად, საგანგებოდ დაუსაბუთებელი ფორმით პლატონის სხვა თხზულებებშიც ფიქსირდება. მაგრამ მათგან განსხვავებით სახელმწიფოში დასტურდება იმგვარი კონკრეტული ხასიათის მსჯელობაც, როგორც ერთი კონკრეტული მტკიცებულებითი არგუმენტი, რომელიც 791, 3-4 პასაჟით რუსთველის მიერ გადმოცემული პლატონისეული ეთიკური მოძღვრების ლიტერატურულ წყაროდ აღნიშნულ დიალოგს უკვე სრულიად არაორაზროვნად წარმოაჩენს. საქმე ისაა, რომ „უსამართლობის, როგორც ზნეობრივი მანკის, რაობის განსაზღვრისას სახელმწიფოში საგანგებო პასაჟები ეძღვნება სწორედ სიცრუეს“ (II, 382ა-ც), რომელიც, პლატონის თანახმად, ზნეობრივ მანკთა შორის უმთავრესია: „...სიცრუე ყველასათვის ყველაზე უფრო ამაზრზენია“ (შდრ.: „რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა!“ – 792, 1-2). ამასთანავე, „პლატონის აზრი რუსთველის მიერ დამოწმებული სახით სრულ თანხმობაშია ქრისტიანულ რწმენასთან. რუსთველი პლატონისგან იღებს იმას, რაც მისაღებია ქრისტიანული თეოლოგიისათვის. ... მაგრამ თეზა, რომელსაც ქადაგებს რუსთველი, რომ ზნეობრივი მანკი არა მხოლოდ იმ ქვეყნად, არამედ ამ ქვეყნადაც განიკითხება, ... ასეთი კატეგორიულობით ბიბლიურ-ქრისტიანულ მოძღვრებაში გამოკვეთილი არ არის; თუმცა ეს უკანასკნელი მას არ ეწინააღმდეგება. პლატონის მოძღვრებაში კი ეს თეზა ... კატეგორიულადაა დაფიქსირებული. ამიტომ სჭირდება რუსთველს პლატონის ავტორიტეტის მოხმობა“. (ე. ხინთიბიძე, ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო, თბილისი, 2009, გვ. 474-496). პლატონისეული თვალსაზრისი, რუსთველისათვის საზოგადოდ დამახასიათებელი „ციტაციის“ პრინციპისამებრ, გადმოცემულია ე.წ. თავისუფალი ინტერპრეტაციით, კერძოდ, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, მცირედ სახეცვლილი სახით: პლატონისეული ზოგადი ცნება – „სამართლიანობა“ / „უსამართლობა“ დაკონკრეტებულია ამ ცნების, თავად პლატონის თანახმადვე, უკიდურესი გამოვლინების ფორმით – „სიცრუით“ და „ორპირობით“. [ზ.ხ.] |
---|