ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XIV ს. |
თხზულება | „მესამეოცდაერთე მეფე, რუსუდან, ძე თამარ მეფისა, დაი ლაშა-გიორგი მეფისა, ბაგრატიონი“ (ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II, თბილისი, 1959) |
სახეობა | |
ციტაცია | „ვითარ სიტყჳსმოქმედი იტყჳს მაკედონელისა მის დიდისა მიდოსით თავ-მტკივნეულობად მყოფისა და იჭჳსა წამლისა მიდოსის და ანტიპატროს მიერ მიცემისა, ეგრეთვე დავითისა თქმულ არს ესუქნის მიერ“ (გვ. 268) |
ტერმინი |

კომენტარი | ი. ჯავახიშვილს „სიტყჳსმოქმედი“ ესმის როგორც ისტორიკოსი (საისტორიო მწერლობა, თბილისი, 1916, გვ. 183). გ. მამულია: „დიდნი სიტყჳსმოქმედნი პირველნი“ თამარის ისტორიკოსის თვალსაზრისით, ანტიკური ხანის „შემსხმელ“ ისტორიკოსებს ეწოდებოდათ საერთოდ (მაგ., ჰომეროსი, პლუტარქოსი, ალექსანდრეს რომანის ავტორი და სხვ.), რომელნიც თანამედროვე გაგებით მწერლები არიან და არა ისტორიკოსები (გ. მამულია, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, გვ. 241-246). თ. ყაუხჩიშვილი: ქართული „სიტყჳსმოქმედი“ არის სიტყვასიტყვით ბერძნული λογοποιός. ამ სიტყვას თვით ბერძნულში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. პირველი მნიშნელობაა - λογογράφος და ეს მხოლოდ ისტორიკოსებს ეწოდებათ. შემდეგ - მეიგავეებს (მაგ., ეზოპე არის λογοποιός), შემდეგ - ყოველგვარი ამბების მთხზველს (განსაკუთრებით პოლიტიკურის) და ა.შ. „ელინთა ზღაპრობაში“ „ომიროს“ არის „სიტყჳსმოქმედი“ (გვ. 52). ერთი სიტყვით, ამ სიტყვას აქვს ფართო, ზოგადი მნიშვნელობაც (ის, ვინც სიტყვას თხზავს, სულერთია, ეს იქნება ბელეტრისტი თუ მეცნიერი) და აქვს კერძოობითიც - (ისტორიკოსი, პოეტი, მეიგავე). თუ მაგ., ამ ადგილს ფსევდო-კალისთენეს რომანიდან ამოღებულად მივიჩნევთ, „სიტყჳსმოქმედი“ იქნება „რომანისტი“, ხოლო, თუ, ვთქვათ, არისტობულეს ისტორიიდან, მაშინ „სიტყჳსმოქმედი“ იქნება ისტორიკოსი“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჟამთააღმწერელი, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976, გვ. 295). პ. ინგოროყვა: „ეს ადგილი ამოღებულია ალექსანდრეს რომანიდან“ (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 554-558). თ. ყაუხჩიშვილი: „ჟამთააღმწერლის თხზულებიდან მოყვანილი პირველი ნაწყვეტი თავისთავად გასაგებია - აზრი ასეთია: მიდოსმა (ე. ი. მიდიოსმა ან მედიოსმა) და ანტიპატრისმა, როდესაც თავატკივებული ალექსანდრე მაკედონელი მედიოსთან სტუმრად იმყოფებოდა, მოწამლეს ალექსანდრე. ეს არის ადგილი ფსევდო-კალისთენეს რომანიდან, რომლის ძირითადი ვერსიის მიხედვით, ალექსანდრეს სიკვდილში დამნაშავე იყო მაკედონიის მმართველი ანტიპატროსი, რომელმაც თავის შვილებს - იოლოსსა და კასანდროსს მოაწამვლინა ალექსანდრე. ეს მოწამვლის ვერსია გაზიარებულია ზოგ ბერძენ-რომაელ ავტორის მიერ. მაგ. კურციუს რუფუსი და იუსტინუსი (პომპეუს ტროგუსის მასალების მიხედვით) იმ აზრისა არიან, რომ ალექსანდრე მოწამლეს, ძალად მოკლეს. დიოდორესსა და პლუტარქეს ნეიტრალური პოზიცია უჭირავთ - ალექსანდრეს სიკვდილის შესახებ გადმოსცემენ ორ ვერსიას და თავის დამოკიდებულებას ამ ვერსიების მიმართ არ იმჩნევენ. არიანე ალექსანდრეს მკვლელობას უარყოფს. თანამედროვე მეცნიერებაში მიღებულია ის აზრი, რომ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით ალექსანდრე საგანგებოდ იყო მოწამლული მისი მერიქიფის, ანტიპატროსის ძის, იოლოსის ხელით. მანამდე კი სამეცნიერო ლიტერატურაში ალექსანდრეს მოწამვლა მიჩნეული იყო ჭორად და მისი დედის, ოლიმპიადას, გამოგონილად ანტიპატროსის მტრობით. როგორც ვხედავთ, ჟამთააღმწერელთან დაცულ ამ ნაწყევტში ანტიპატროსის შვილები არსად ჩანან და არის მიდოსი, ე. ი. მიდიოს თესალიელი, ალექსანდრეს უახლოესი მეგობარი (განსაკუთრებით სიცოცხლის უკანასკნელ წელს) და საზოგადო მოღვაწე. ერთი სიტყვით, ეს ნაწყვეტი, დაცული ჟამთააღმწერელთან, გასაგებია, - ავტორი სარგებლობს ალექსანდრეს ცხოვრების იმ ვერსიით, სადაც მეფის მკვლელთა რიცხვში მედიოს თესალიელიც ურევია. ამავე დროს ჩნდება ასეთი მოსაზრებაც - „მიდოსი“ ხომ არ არის შერყვნილი „იოლოსი“? „ალექსანდრიანში“ პირველი მომწამვლელი იოლოსია, რომელიც იყო მეფის მერიქიფე, ხოლო მიდიოსის სახელი ამ კონტექსტში მხოლოდ არიანესთან და იუსტინესთან გვხვდება. ეს ავტორები კი სხვა მონაცემთა მიხედვით არ ჩანს, რომ ჟამთააღმწერლისათვის (ან რომელიმე ზემოთ განხილული ისტორიკოსისათვის) ცნობილნი იყვნენ“ (თ. ყაუხჩიშვილი, ანტიკური სამყარო ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჟამთააღმწერელი, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1976, გვ. 296). |
---|