ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს-ის მიჯნა |
თხზულება | ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, ტექსტი და ვარიანტები აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, თბილისი, 1966) |
სახეობა | |
ციტაცია | „იტყვის: „ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, |
ტერმინი |

კომენტარი | ნ. ნათაძის აზრით, „ვინაიდან ამ ტაეპში [838, 1] რუსთველი „წინა ფილოსოფოსებს“ იმოწმებს, უნდა ვიფიქროთ, რომ მას აქ მხედველობაში ჰყავს, კერძოდ, პლატონი და ნეოპლატონიკოსები და არა ეკლესიის მამები, განსხვავებით წინა სტროფის ა ტაეპისაგან („ხატად გთქვეს...“ [837, 1]), სადაც წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად ქრისტიანი მამებიც უნდა იგულისხმებოდნენ“ (იხ. ნ. ნათაძე, შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, სასკოლო გამოცემა, თბილისი, II გამოცემა, 2006, გვ. 478). მაგრამ, ვფიქრობ, ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ 837-838 სტროფები ერთმანეთისაგან განცალკევებულად ვერ განიხილება, რადგანაც პოემის ამ ადგილას ფიქსირდება რუსთველის მხატვრული მეტყველებისათვის დამახასიათებელი კონტაქტური პარალელიზმის მრავალრიცხოვან შემთხვევათაგან ერთ-ერთი (დაწვრ. იხ.: ზ. ხინთიბიძე, ჰომეროსი და რუსთველი, კომპოზიციური ორგანიზაციის ჰომეროსისეული პრინციპები და ეპიკური ტრადიცია, თბილისი, 2005, გვ. 99...; წინამდებარე ენციკლოპედიაში - „სახე ყოვლისა ტანისა“). ამდენად, 837-ე სტროფშიც ისინი უნდა იგულისხმებოდნენ, ვინც იგულისხმებიან 838-ეში, ანუ ან ორივე სტროფში იგულისხმებიან როგორც ე.წ. წარმართი ფილოსოფოსები, ისე ქრისტიანი მამები, ანდა ორივეგან - მხოლოდ წარმართი ფილოსოფოსები. იმავდროულად, პოემის ამ ადგილას დაფიქსირებული კონტაქტური პარალელიზმი იმაზეც ნათლად მიუთითებს, რომ 837-ე სტროფისეული „მზიანი ღამე“, „ერთ-არსება ერთი“ და „უჟამო ჟამი“ იგივეობრივია 838-ე სტროფისეული სიტყვისა „ღმრთისად“ და ამდენად, საკუთრივ „მზეში“ არ შეიძლება იგულისხმებოდეს ღმერთი, რადგანაც, ორივე განსახილველი სტროფის თანახმად, „მზე“, როგორც მნათობი, თვითონ კი არ არის ღმერთი ანუ უზენაესი არსება, არამედ არის „ხატი ღმრთისა“ (იხ. ე. ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის“ იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო, თბილისი, 2009, გვ. 288; დაწვრ. იხ. გვ. 240-288; შდრ. ნ. ნათაძე, მით. ნაშრ., გვ. 252). გასარკვევი რჩება, რომელი ფილოსოფიური მოძღვრების თუ რელიგიური რწმენის თანახმად არის „მზე ხატი ღმრთისა“. მაგრამ, როგორც ირკვევა, ამგვარი მოძღვრება თუ რელიგია არაერთია. ასე მაგ., ნ. ნათაძის აზრით (იხ. ნ. ნათაძე, მით. ნაშრ., გვ. 478), ეს შეიძლება იყოს როგორც პლატონი და ნეოპლატონიკოსები, ისე ქრისტიანი მამები და ფსევდო დიონისე არეოპაგელი. რაც შეეხება „ვეფხისტყაოსნის“ უზენაესი არსების ანუ ღმერთის განსახილველ პასაჟში დაფიქსირებულ სახელებს („მზიანი ღამე“, „ერთ-არსება ერთი“ და „უჟამო ჟამი“), ე. ხინთიბიძის დასკვნით, ისინი „პოზიტიურ-ნეგატიური დიალექტიკით შექმნილი ცნებებია“ (იხ. მით. ნაშრ., გვ. 279), „სამივე სახელი დამყარებულია ღმერთის მოაზრების ცნობილ ფილოსოფიურ მეთოდზე (კატაფატიკა-აპოფატიკა), იმ მოძღვრებაზე, რომელიც საზოგადოდ მიღებული იყო ძველ რელიგიურ და ფილოსოფიურ სისტემებში“ (იხ. იქვე, გვ. 288, აგრ. გვ. 262-263). ასე მაგ., მკვლევარის დაკვირვებით, „ეს გნოსეოლოგიური მეთოდი [...] არ იყო უცხო დიალექტიკის მამამთავრის ჰერაკლიტე ეფესელისათვის“. მის ერთ-ერთ „ფრაგმენტში არის დაცული ღვთაების ერთი სახელი, რომელიც დღემდე მითითებულ ყველა პარალელზე უფრო ახლოს დგას რუსთველის „მზიანი ღამესთან“. ჰერაკლიტეს განმარტებით /ფრაგმ. 67 (36)/, ღმერთი არის დღე-ღამე.“ მაგრამ „რუსთველისათვის ამოსავალია მხოლოდ და მხოლოდ ფილოსოფიური მეთოდი - კატაფატიკა-აპოფატიკური გზა ღვთაების სახელთა ჩამოსაყალიბებლად. [...] როდესაც ზუსტად ვცდილობთ ამგვარ აზროვნებაში რუსთველის წყაროს მიგნებას, პირველ რიგში, ფსევდო დიონისე არეოპაგელის მოძღვრებაზე უნდა შევაჩეროთ ყურადღება...“ (დაწვრ. იხ. მით. ნაშრ., გვ. 263-264). ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ „ფილოსოფოსნი წინანი“, უმჯობესია გააზრდეს, როგორც საზოგადოდ „ძველი დროის ფილოსოფოსები“ ანუ რუსთველამდე და არა აუცილებლად მხოლოდ ქრისტეს დაბადებამდე მოღვაწე, ე.ი. წარმართი, ინტელექტუალები. [ზ.ხ] |
---|