ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს-ის მიჯნა |
თხზულება | ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, ტექსტი და ვარიანტები აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, თბილისი, 1966) |
სახეობა | |
ციტაცია | „მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შეხედულმან, მოიშორა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.“ (სტროფი 1414) |
ტერმინი |

კომენტარი | მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მიწურულამდე სადავოდ არავის გაუხდია ვეფხისტყაოსნის 1414, 2-ში არსებული „კრონოსის“ ასტროლოგიურ ტერმინად, კერძოდ, პლანეტა სატურნის სახელად მიჩნევის მართებულობა. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანწილად იმ ფაქტით უნდა ყოფილიყო განპირობებული, რომ ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთ ხელნაწერზე დართულ ლექსიკონში კრონოსი განმარტებულია, როგორც ვარსკვლავი. პირველად განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა 1969-1970 წლებში დ. ქუმსიშვილისა და ზ. კიკნაძის მიერ. მათი აზრით, ვეფხისტყაოსნისეული „კრონოსი“ არის ძველი ბერძნული მითოლოგიის ღმერთი კრონოსი. ამდენად, 1414-ე სტროფს ორივე მკვლევარი ძველ ბერძნულ მითოლოგიაზე დაყრდნობით განმარტავდა, თუმცა - ერთმანეთისაგან განსხვავებულად (დაწვრილებით იხილე: დ. ქუმსიშვილი, ვეფხისტყაოსანში „დიონოსისა“ და „დივნოსის“ საკითხისათვის, მნათობი, N 8, 1969, გვ. 158-169; ზ. კიკნაძე, დიონისესა და კრონოსის გამო ვეფხისტყაოსანში, ცისკარი, 1969, N11, გვ. 119-122; დ. ქუმსიშვილი, შენიშვნები ზ. კიკნაძის წერილის გამო, ცისკარი, 1970, N 2, გვ. 142-148). ე. ხინთიბიძემ დაასაბუთა ვეფხისტყაოსნისეული „კრონოსის“ ე.წ. ტრადიციული დეფინიციის მართებულობა (ვეფხისტყაოსნის 1414, 2-ში არსებული „კრონოსი“ ნამდვილად ნიშნავს პლანეტა სატურნს და არა ძველი ბერძნული მითოლოგიის ღმერთს) და იმავდროულად ნათელყო, რომ 1414-ე სტროფში „ცხადადაა ჩაქსოვილი რუსთველისეული კოსმოლოგიური თვალსაზრისი: ღმერთი ® მნათობები ® ამქვეყნიური სინამდვილე. მნათობთა ავის მომავლინებელი განლაგება ერთი ღმერთის რისხვის მაუწყებელი იყო. იგი თავს უნდა დასტყდომოდა ქაჯეთის ციხეს: „წყრომით შეხედულმა“ კრონოსმა თავიდან მოიშორა მზის კეთილი და ქველი გავლენა. კრონოსისა და მზის რისხვას დაემორჩილა მთელი ზეცა და ქაჯეთშიც დიდი უბედურება დატრიალდა“ (დაწვრილებით იხილე: ე. ხინთიბიძე, ვეფხისტყაოსნის კრონოსი, ცისკარი, 1971, N 2, გვ. 144-152 = მისივე, ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო, თბილისი, 2009, გვ. 182-195). დღესდღეობით რუსთველოლოგიაში სწორედ ეს უკანასკნელი თვალსაზრისია გაზიარებული (შდრ. შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, სასკოლო გამოცემა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, განმარტებანი, კომენტარი და ლიტერატურული გარჩევა დაურთო ნ. ნათაძემ, თბილისი, 2006, გვ. 405 და გვ. 489) [ზ.ხ.] |
---|