ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს-ის მიჯნა |
თხზულება | ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, ტექსტი და ვარიანტები აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, თბილისი, 1966) |
სახეობა | |
ციტაცია | „სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: |
ტერმინი |

კომენტარი | მეგობრობის ფილოსოფია, რომლის ჩამოყალიბებასა და დასაბუთებასაც არისტოტელე უძღვნის თავისი ნიკომაქეს ეთიკის VIII და IX წიგნებს, რუსთველის მიერ – ავთანდილის პირით – ერთადერთი სტროფის (779) ფარგლებშია პოეტური ფორმით, მაგრამ სრულად გადმოცემული. კერძოდ კი, ავთანდილის თანახმად, ერთი მეგობარი მეორის მიმართ თავის დამოკიდებულებას სამგვარად, სამი ფორმით ავლენს (779, 1): პირველია, მეგობრის გვერდით ყოფნის სურვილი, მისგან სიშორის ვერ მოთმენა (779, 2), რასაც შეესაბამება არისტოტელესეული – τὸ συζῆν, (ნიკ. ეთ., 1157ბ); [მეორეა მეგობრისათვის], ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფრის გაღება ანუ როგორც რუსთველი ამბობს, – მიცემა, ... ჩუქებისა არ მოწყენა, რაც გამორიცხავს მეგობრისადმი რაიმენაირი ფორმით შურის გაჩენას ანუ როგორც რუსთველი ამბობს, – არას შური (779, 3), რასაც შეესაბამება არისტოტელესეული –χαίρειν ἀλλήλοις (ნიკ. ეთ., 1158a); [მესამეა მეგობრის] დახმარება, მისთვის რეალური სარგებლის მოტანა ანუ როგორც რუსთველი ამბობს, – გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა (779, 4), რასაც შეესაბამება არისტოტელესეული –τὸν βουλόμενον καὶ πράττοντα τἀγαθὰ, (ნიკ. ეთ., 1166a). ნიკომაქეს ეთიკის VIII წიგნის მე-5 თავში არისტოტელე კიდევ ერთხელ ჩამოთვლის ჭეშმარიტი მეგობრობის გამოვლენის ამ სამ ფორმას, მაგრამ ამჯერად უკვე სამივეს ერთად და რაც, ვფიქრობ რომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, _ უკვე იმ თანამიმდევრობით, რომლითაც ისინი რუსთველთანაცაა დაფიქსირებული. კერძოდ, არისტოტელეს თანახმად, ჭეშმარიტი მეგობრები არიან ისინი, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთით ხარობენ და ერთმანეთისათვის სარგებელს მოიმოქმედებენ – [...] οἱ μὲν γὰρ συζῶντες χαίρουσιν ἀλλήλοις καὶ πορίζουσι τἀγαθά [...] (ნიკ. ეთ., 1157b). გარდა ზემოაღნიშნულისა, ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ, როგორც არისტოტელეს, ისე რუსთველის თანახმად, სიყვარული არის მეგობრობის საფუძველი, რომელიც იწყება ურთიერთის „მოწონებით“ (იხ. ე. ხინთიბიძე, ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო, თბილისი, 2009, გვ. 574-578; დაწვრ. იხ. გვ. 565-581) [ზ.ხ.]. |
---|