ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს-ის მიჯნა |
თხზულება | ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, ტექსტი და ვარიანტები აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, თბილისი, 1966) |
სახეობა | |
ციტაცია | „მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული“ (816, 3)„მართლად უთქვამს მეცნიერთა: <<წყენააო ჭირთა ბადე>>“. (სტროფი 817, 2) |
ტერმინი |

კომენტარი | ანტიკური ეპოქის არაერთი ფილოსოფოსის ნაშრომში ფიქსირდება მოსაზრება თუ გამონათქვამი წყენის, რისხვის დაუშვებლობაზე, თავშეკავების საჭიროებაზე, რომელთაგან რუსთველისეულ „მეცნიერთა“-ში, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საგულისხმებელია არისტოტელე და პლატონი. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეცეფციის უშუალო წყარო, ვფიქრობ რომ, ჰომეროსის ილიადა უნდა იყოს, რომელსაც სხვაგვარად „რისხვის შესახებ“ პოემასაც უწოდებენ, რადგანაც რისხვის, კერძოდ კი აქილევსის რისხვის, მოტივს, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ილიადა ეძღვნება, რამდენადაც ის მისი ცენტრალური მოტივია. სწორედ ამიტომაც, ის აზრი, რომ რისხვის შედეგი მხოლოდ უბედურება შეიძლება იყოს,(ილიადის მე-19 სიმღერასთან ერთად) პოემის პროლოგის ანუ პროოიმიონის პირველსავე ტაეპებშია გაცხადებული: "რისხვა მიმღერე, ქალღმერთო, აქილევსის, პელევსის ძისა, / რომელმაც (რისხვამ) აქაველებს მრავალი უბედურება არგუნა... “ (I, 1-2). რაც შეეხება განსახილველი პასაჟის „წყენის“ (817, 2) ჩემ მიერ ჰომეროსისეულ „რისხვასთან“ დაკავშირებას, პოემის ამ ადგილას რუსთველს ის „რისხვასთან“ ერთად აქვს გამოყენებული - „მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული“ (816, 3), რაც მაფიქრებინებს, რომ 817, 2-ში ფიქსირდება ილიადისეული რისხვის მოტივის ალუზია (დაწვრილებით როგორც ზემოაღნიშნული საკითხის, ისე რეცეფციის ფაქტის დაფიქსირებისათვის აუცილებელი სხვა არგუმენტების შესახებ იხ. ზ. ხინთიბიძე, იყო თუ არა ჰომეროსის ეპოსი ერთ-ერთი ლიტერატურული წყარო რუსთველისათვის?! მეხუთე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2011, გვ. 267- 278, კერძოდ, გვ. 273-278) [ზ.ხ.]. |
---|