ავტორი | |
---|---|
ეპოქა | XII-XIII სს-ის მიჯნა |
თხზულება | ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, ტექსტი და ვარიანტები აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით, თბილისი, 1966) |
სახეობა | |
ციტაცია | „გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი. [...] იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი“. (სტროფი 147, 1/3) |
ტერმინი |

კომენტარი | „ნივთი“ (ძველბერძნული - Hyle ანუ „მატერია“) კარგად ცნობილი ძველქართული ფილოსოფიური ტერმინია, მაგრამ განსახილველი პასაჟის მრავალრიცხოვანი ინტერპრეტატორებისათვის (მათ თაობაზე დაწვრ. იხ. ე. ხინთიბიძე, ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო, თბილისი, 2009, გვ. 523-527, იქვეა ბიბლიოგრაფია) გაუგებარი იყო, თუ როგორ ასხამდა ავთანდილს რუსთველი ხოტბას „მატერიის“ საშუალებით? (შდრ. ნ. ნათაძე, ვეფხისტყაოსნის ფილოსოფიური მოტივები, თბილისი, 1985, გვ. 18). აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ე. ხინთიბიძის აზრით (იხ. მით. ნაშრ. გვ. 522-523, 45-46), გათვალისწინებული უნდა იქნეს არისტოტელეს ცნობილი მოძღვრება არსებობის ოთხ მიზეზზე, რომელიც გადმოცემულია მის მეტაფიზიკასა (I, 3; V, 2; VII, 4) და ფიზიკაში (II, 3) და რომელმაც ფართო გავრცელება პოვა შუასაუკუნეების სქოლასტიკასა და ნეოპლატონიზმში, შესაბამისად, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იოანე პეტრიწის ფილოსოფიაშიც. არისტოტელე გამოავლენს ყოველი არსების და საგნის ჭეშმარიტად არსებობის ოთხ მიზეზს: პირველია მატერიალური (Causa materialis), მეორე - ფორმალური (Causa formalis), მესამე - მოქმედი (Causa efficiens), მეოთხე კი - დასრულებადი ანუ მიზანი (Causa finalis). შუასაუკუნეების სქოლასტიკაში და ამდენად, პეტრიწთანაც ეს მოძღვრება პოპულარული იყო მისი სახეცვლილი ფორმითაც. კერძოდ, ერთ-ერთი ძირითადი ცვლილების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ არისტოტელესეული მეოთხე მიზეზი - დასრულებად-მიზნობრივი ანუ დანიშნულებითი გადმოსმული იქნა პირველ მიზეზად, მატერიალური მიზეზის წინ. ე. ხინთიბიძის მოსაზრების თანახმად (იხ. მით. ნაშრ., გვ. 527-534), რუსთველისეული „ნივთი“ ანუ „მატერია“ შეესაბამება არისტოტელესეულ პირველ ანუ მატერიალურ მიზეზს, ხოლო „ვალი“ ანუ „მოვალეობა“, ე.ი. „დანიშნულება“ კი - ასევე პირველ მიზეზს - დანიშნულებითს, მაგრამ უკვე პეტრიწისეული კლასიფიკაციით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც არისტოტელეს (ფიზიკა, II, 3), ისე თომა აკვინელის „სუმმა თეოლოგიას“ მიხედვით, დანიშნულებითი მიზეზი განიმარტება, როგორც მიზანი ანუ სიკეთე, სიტყვებით - „ავთანდილი არის ვალი“, შუასაუკუნეების სქოლასტიკის თანახმად, რუსთველი თავის გმირს „სიკეთედ“ ანუ სიკეთის განსახიერებად წარმოაჩენს. რაც შეეხება „ლხინს“ ანუ „ბედნიერებას“, სიტყვებით - ავთანდილია „ლხინი სოფლისა“ რუსთველი თავის გმირს ამქვეყნიურ ბედნიერებად ანუ ამქვეყნიური არსებობის უმაღლეს მიზნად აცხადებს. ასე რომ, ზემოაღნიშნული თვალსაზრისის თანახმად, „თავისი გმირით აღფრთოვანებული პოეტი ერთგვარად, თითქოს, მაღლდება შუასაუკუნეობრივ ფილოსოფიაზე, სქოლასტიკაზე“ (იხ. მით. ნაშრ., გვ. 528-529; დაწვრ. იხ. გვ. 527-534): 1. ავთანდილი, როგორც სრულქმნილი ადამიანი, არის ამქვეყნიური ბედნიერების („ლხინი სოფლისა“) და არსებობის დასრულებადი, საბოლოო მიზნის („ვალი“) ანუ სიკეთის განსახიერება. ამდენად, ფიქსირდება არისტოტელეს ეთიკური კონცეფციის ძირითადი დებულების რეცეფცია (შესაბამისად, ნიკომაქეს ეთიკა, I, 2, 7; VIII, 11 და ფიზიკა, II, 3): ადამიანი, მისი ბედნიერება და ნეტარება არის სამყაროს უდიდესი სიკეთე, ყოველივე არსებულის საბოლოო მიზანი; 2. ავთანდილი არის ამქვეყნიური არსებობის ყოველგვარი მიზეზი ანუ საზოგადოდ ყველაფერი, რამდენადაც იგი არის, არისტოტელესეული კლასიფიკაციით, არსებობის როგორც პირველი - მატერიალური მიზეზი („ნივთი“), ისე დამასრულებელი, მეოთხე მიზნობრივ-დანიშნულებითი მიზეზი („ვალი“ - ხოლო პეტრიწისეული ნეოპლატონური კლასიფიკაციით კი, კვლავაც რიგით პირველი მიზეზი; იხ. ზემოთ) ანუ, ფაქტობრივად, ყველა - ოთხივე მიზეზი. ამდენად, ფიქსირდება არისტოტელეს არსებობის მიზეზების მეტაფიზიკური ფილოსოფიისა და მისი ნეოპლატონურ-სქოლასტიკური ინტერპრეტაციის რეცეფცია. ამგვარად, რუსთველის მიერ ავთანდილის სიდიადისადმი ქება-დიდების შესხმა - „იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი“ - გვიანდელი შუასაუკუნეების ფილოსოფიური ტერმინოლოგიით გადმოცემს“ [„ანტიკური ეპოქიდან მომდინარე“ და] „რენესანსის ეპოქის უაღრესად პრინციპულ დებულებას ადამიანის ღირსებასა და უპირატესობაზე: ავთანდილია ქვეყნის უმაღლესი ნეტარება, იგია არსებობის მიზეზი - მატერიალურიც და დანიშნულებითიც“. ზემოაღნიშნულით „კიდევ ერთხელ დასტურდება რუსთველის მსოფლმხედველობის რენესანსულობა და ტიპოლოგიური კავშირი გვიანდელი შუასაუკუნეებისა და რენესანსის ეპოქის ევროპულ ქრისტიანულ აზროვნებასთან“ (იხ. მით. ნაშრ., გვ. 533) [ზ.ხ.]. |
---|