დიდი ხანია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიტერატურათმცოდნეობითი ძიებანი მიმართულია ძველი სამყაროს იმ მითოსოფიური სახეების კვლევისკენ, რომლებიც ერთგვარ არქეტიპებად იქცნენ მომდევნო ეპოქების მხატვრული შემოქმედებისათვის. ამ ძიებათა შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადსაკაცობრიო მარადიულ „სიმბოლოებზე“, სახეებზე, თემებზე, კონფლიქტებზე თუ მხატვრულ ინვარიანტთა გამოვლენაზე იდეოლოგიურად განსხვავებულ სამყაროთა თუ ეპოქათა ლიტერატურებში. ქართული მწერლობა, რომლის ძირებშიც ორგანულად არის შერწყმული როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური მოთოსოფიური აზრი, საგულდაგულო კვლევას მოითხოვს ე. წ. არქეტიპთა გამოვლენის თვალსაზრისით, რომლებმაც განსაზღვრეს მისი შემოქმედებითი პოტენციალი სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. ამ კვლევათა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა ქართულ ლიტერატურაში მისი განვითარების ყველა ეტაპზე დადასტურებული იმ ენციკლოპედიური მასალის თავმოყრა, რაც მრავალმხრივ ლიტერატურათმცოდნეობით ძიებათა და, აქედან გამომდინარე, ქართული შემოქმედებითი აზრის ინტერკულტურულ დიალოგში ჩართვის საფუძვლად იქცევა.
პროექტი „ანტიკურობის რეცეფცია ქართულ ლიტერატურაში“ განხორციელდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. პროექტმა 2013 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამოყენებითი კვლევების მიმართულებით. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფი:
ასოც. პროფ. ნანა ტონია (ხელმძღვანელი)
ასოც. პროფ. გვანცა კოპლატაძე
ასოც პროფ. ეკატერინე კობახიძე
ასოც. პროფ. ზაზა ხინთიბიძე
ფილ. დოქტ. მაია დანელია
ფილ. დოქტ. გიორგი უგულავა
ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოიცავს ქართული ლიტერატურის განვითარების ყველა პერიოდს (V-XXI სს.). ამჟამად ვებ გვერდზე ატვირთულია 140-მდე ქართველი მწერლისა და პოეტის შესახებ ინფორმაცია. ანტიკურობის რეცეფციის ამსახველ მნიშვნელოვან პასაჟებს თან ერთვის სათანადო მეცნიერული კომენტარები.
თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში ქართული ლიტერატურისადმი ამ თვალსაზრისით აღძრული ინტერესის გათვალისწინებით, ნაშრომი შესრულდა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე და განთავსდა ორენოვან ვებ გვერდზე, რომელიც აღჭურვილია დეტალური საძიებო სისტემით. ძიების განხორციელება შესაძლებელია სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, როგორიცაა: